Thursday, May 6, 2021

ქეროფობია-ბედნიერების შიში

სალამი! 

მოკლედ, შარშანდელი კარანტინიდან მოყოლებული, რაღაც ფობიების აღმოჩენა დავიწყე და თან სულ ისე მემთხვევა, მაშინ აღმოვაჩენ, მეც მსგავსი გასაჭირი როცა მაქვს. 

ზოგადად, უკვე ცნობილია, მაშინ ვწერ, რაღაც რომ მაწუხებს. არის ხოლმე ისეთი პერიოდებიც, იმდენად დამწუხრებული ხარ, წერაც არ გინდა (ტოტოღას ეს ჩემთვის დაუწერია). ვიტყოდი, ახლაც ასეა, მაგრამ იმ ხერხს მოივმართე, რასაც უკვე დიდი ხანია ვაკეთებ-საკუთარი თავის წინააღმდეგ წავედი და ლეპტოპი ჩავრთე. გუშინ ფონი შევცვალე და ჩემთვის ჯერ კიდევ ახალი სიტყვები წავიკითხე: ,,დააჯერე შენს თავს, რომ რაღაცებს დრო სჭირდება და ეს ნორმალურია". მერე გამეცინა და იმასაც ვიტყვი, რატომ...

გუშინ გავიაზრე, გამოცდილი ფსიქოლოგივით ან იმავე ამბავდახდენილი უამრავ რჩევას ვაძლევ მეგობრებს და ვეჩხუბები, რამის გამო ხასიათზე რომ ვერ არიან, ამ დროს კი უფრო დიდი, შავი ღრუბელი ჩამოწვება ჩემს ზემოთ, იმივე რაღაც რომ შემემთხვევა. მოკლედ, ,,სხვა სხვის ომში ბრძენიაო" და მგონი ისიც, ,,სხვისი ჭირი-ღობეს ჩხირიო", თუ რაღაც ეგეთი რომაა (დიდად ვერ ვერკვევი ასეთებში და გუგლი მილიონჯერ გამოვიყენე, არასწორედ არ დავწერო-მეთქი).

ხოდა, ისევ ფობიებს დავუბრუნდები. ყოფილა ასეთი ფობია-ქეროფობია. იცით, როგორი ფობიაა? აი უცნაურია, მაგრამ თან არც. ეს ყოფილა ბედნიერების შიში. თან სასაცილოა, ანუ როგორ უნდა გეშინოდეს იმის, ბედნიერი რომ იყო? მაგრამ ძალიანაც სერიოზული თემაა, იმიტომ, რომ, ჩემი აზრით, საერთოდ ყველას გვაქვს ამ ფობიის პატარა მარცვალი სადღაც გონებასა და გულში ჩაფლული ისე, როგორც ყველა სხვა შიში, რაზეც წინა ბლოგებში მისაუბრია. 

როგორი რამაა, იცით? სულ ფიქრობ, რამე კარგად რომ ვერ წავიდეს, რა მოხდება, ან მაგასაც თავი რომ დავანებოთ, გამუდმებით ვერ ხარ მშვიდად. აი, სულ რაღაცნრიად ხარ, ისე, ვინმეს რო უხსნი ცუდად ვარ შინაგანადო, მერე გკითხავს როგორო და შენ მარტო ,,აი....აი....აი....," მოკლედ, რომ ვერ აღწერ რა გჭირს რეალურად, ასეთი რამეა. რამდენიმე დღის წინ ერთ ძალიან კარგ ადამიანს ვუყვებოდი რა მაწუხებდა და მეც ასე დავიწყე ბლიყუნი. (მგონი ,,აი"-ს გარდა ვერაფერს მივახვედრე).

თქვენი არ ვიცი, მაგრამ მე-18 წელია ვცხოვრობ და ბოლო რამდენიმე თვეა, რაც ქეროფობია დავინახე საკუთარ თავში. საბედნეიროდ. დღეს სახელიც ვუპოვე ამ ,,რაღაცას" და თან გამეხარდა, მთლად სხვა სამყაროდან ჩამოსული რაღაც რომ არ ყოფილა.

მერე ღრმად ჩავისუნთე, ამოვისუნთქე, ჩავისუნთქე...და  საკუთარ თავი ისეთი დარიგებებით გავავსე, როგორითაც სხვებს ვავსებ ხოლმე და იმასთან ერთად, რომ რაღაც მეშველა, იმასაც მივხვდი, ძალიან ცუდი დამრიგებელი არ ვყოფილვარ. 

რომ დავფიქრდი, რაღაცნაერად ყველაფერი საჭიროა. ვთქვათ და ახლა არ შეგემთვა რაიმე კონკრეტული, ლაპარაკი ხომ არ სჭირდება, რომ იქამდე, სანამ გარდაიცვლები, მაინც მოხდება ოდესმე? კარგი, შეიძლება ამ ადამიანთან ან ამ მოვლენასთან არა, მაგრამ რამესთან და ვინმესთან-აუცილებლად. ყველაფერს თავი რომ დავანებოთ, რამდენ რამეს სწავლობ. თან, რომ დაფიქრდე, ყველას ხომ გვაქვს ჩვენი ცხოვრების დღიური, სადაც თავისით იწერება ყველაფერი? ახლა იმაზე გაამახვილე ყურადრება, რა საინტერესო დღიური გვაქვს. ყველასი ინდივიდუალურია, ნათელსა და მუქ ფერებშია აჭრელებული. სადღაც ფილმში რომ გვეყურებინა ჩვენი ცხოვრება, ბევრი კარგი ნაწილის, დიდი ალბათობით, შეგვშურდებოდა, ზოგზე აგვეტირებოდა, მაგრამ, მაინც ვიტყოდით, საინტერესო იყოო, თან ყველაფერს როგორ დააგვირგვინებდა, მიუხედავად ამ სირთულეებისა, მთავარი გმირი რომ არ დანებდებოდა. 

ხოდა, მეც მივხვდი, არ უნდა გადაგიყოლოს რაღაცეებმა, იმიტორო წლები რომ გავა, შენს თავს მაგრად შემოარტყავ, რაზე ვღელავდიო. 

ასე ღლაბუცით აქამდე არაფერი დამიწერია, თან როცა იქამდე ძალიან ვნერვიულობდი.

ჩემი აზრით, არ არის საჭირო ეს ქერო და კიდევ მილიონი ფობია, როცა შეგიძლია, რაღაცეებს ნაკლები ყურადღება მიაქციო და ყველაფერში კარგი ეძებო...

იმიტომ, რომ...

აზრზე არ ხარ,

სადამდე გექნება 

ამისი

შესაძლებლობა.

ისიც ვიცი, ამ ბლოგის წინადადებები დარიგებად მაქსიმუმ დღეს, საღამომდე, რომ გამყვება, თუმცა როცა გამახსენდება, სულ პატარა რამეს მაინც შეცვლის....


Thursday, February 4, 2021

ვარდისფერი სათვალე

რასაკვირველია, უცნაურია, საოპერაციოში შესვლის წინ ბლოგის დაწერაზე რომ ფიქრობ, მაგრამ ასეა. საჭიროა, შენს ცხოვრებაში რაღაც მოხდეს, რაც ახალ გრძნობას, ემოციას გაგიჩენს და მხოლოდ ამის შემდეგ შეგიძლია წერა. 
იმ შემთვევიდან რამდენიმე დღე გავიდა, უკვე სახლში ვარ და მოვლენების შესაბამისად, წერის სურვილიც, თითქოს გამიათმაგდა. 

ბევრი ფიქრი არ დამიჭირვებია იმისთვის, თუ რა შეიძლება დამერქმია ამ ბლოგისთვის და დღეს ,,ვარდისფერ სათვალეზე" უნდა გესაუბროთ.

თითქმის ყველა ჩვენგანი, 15-16 წელს რომ გადავცდებით და რაღაცეების დამოუკიდებლად კეთებაც შეგვიძლია, ვფიქრობთ, რომ გავიზარდეთ და რაღაც მხრივ საკმარისი ასაკი გვაქვს იმისთვის, ბავშვობა რომ დავასრულოთ. სრულად თუ არა, რაღაც მხრივ მეც ასე მეგონა, მაგრამ მხოლოდ 17 წლის ასაკში, თუმცა საკმარისი არც ეს ყოფილა. დარწმუნებით შემიძლია გითხრათ, რომ იქამდე არ ხართ გაზრდილები, სანამ ვარდისფერ სათვალეს არ მოისხნით. რაც არ უნდა ეცადო, ამას ძალით ვერ გააკეთებ. ამ სათვალეს შენ კი არ იხსნი, შენს გარშემო განვითარებული მოვლენები გხსნის და მერე აანალიზებ, შეიძლება ჯერ ისევ ბავშვი ხარ, მაგრამ შედარებით-დაბრძენებული. 

მაინც მგონია, რომ გაზრდილი არასდროს ხარ. ყველა ეტაპზე იმდენ რამეს გადააწყდები, იმდენ და ისეთ რაღაცეებს შეეფეთები, რომ მთელი შენი ცხოვრება აღმოჩენების ეპოქა გახდება.

რომ ამბობენ, გაჭირვებაში გაიგებ, ვინ გყავს თურმე გვერდით და ვინ არის, სულ მიკვირდა. უბრალოდ, ის ვერ წარმომედგინა, როგორ შეიძლება, ადამიანი ლხინში გყავდეს და ღრუბლიან დღეებში გაუჩინარდეს?! თქვენ წარმოიდგინეთ და მართალი ყოფილა! მართლა, აი უცებ იღვიძებ და ხვდები, რომ არ შენს ცხოვრებაში ის ადამიანი სულ არ ყოფილა, ვისი არსებობისაც საკუთარ თავზე მეტად გჯეროდა.
რაღაცნაირად კი ჟღერს, მაგრამ ხვდები, რომ იზრდები და გარკვეულწილად ასეთი შემთხვევები გწვრთნის კიდეც.

ვაღიარებ, ჩემს შემთვევაში, ამისი გაანალიზება საკმაო პერიოდიან ბნელ დღეებს ნიშნავდა. მეგონა, ყველაფერი თავზე ჩამომექვა, მაგრამ ბოლოს იმას მივხვდი, რომ ასეთი ადამიანები ოდესმე მაინც დაგვოვებენ და ერთმა ფაქტმა ამას უბრალოდ ხელი შეუწყო.

მე მართლა ბევრი ვისწავლე.
მეგობრები უნდა გყავდეს, კი, მაგრამ ნამდვილები. არ გჭირდება ვიღაც ისეთი, სანთელივით რომ გაილევა და მერე ჩაქვრება. 

საერთოდაც, მგონი მათი წასვლა ცუდი არცაა! ნამდვილ მეგობრებს საშუალებას აძლევენ, შენსთან რომ დარჩნენ.

მთავარია, ვარდისფერი სათვალე მოიხსნა და მერე ყველაფერს შენითაც მიხვდები.

ცხოვრება გასწავლის...

თურმე
გაზრდილხარ...

Sunday, January 3, 2021

აპეიროფობია —სასრულობის შიში.

სალამი!

რასაკვირველია, ცხოვრებაში ყველა ახალი შემთვევა, რაღაც აქამდე უცხოს გვასწავლის. ბოლო პერიოდია, თავს შეპყრობილად ვგრძნობ. ეს არის უცნაურობა, დაძაბულობა და გაურკვევლობა, რასაც, დიდი წვალების შემდეგ, სახელიც ვუპოვე-აპეიროფობია. 

მაშინ, როცა ცხოვრებაში რაღაც ან ვიღაც კარგს აღმოვაჩენთ, მისი სამუდამოდ შენარჩუნება ჩვეულებრივი ამბავი გვგონია. მუდამ ისეთი შეგრძნება გვაქვს, ეს კონკრეტული მთელი ცხოვრება, გარდაცვალებამდე ჩვენთან იქნება და საერთოდ  არ ვუშვებთ მისი ერთ დღესაც გაუჩინარების შემთვევას. კარგი, შეიძლება ამაზე ერთ-ორჯერ დავფიქრდეთ, მაგრამ ეგოისტობა და საკუთარ თავზე მხოლოდ კარგის ფიქრი ამასაც სძლევს და გონებას მალევე ვასვენებთ. 

მართლა უცნაურები ვართ. როცა რაღაცას ძალიან შევეჩვევით, სასრულობის მძაფრი შიში, ჩვენში აღმოცენებას იწყებს. დროის გასვლასთან ერთად, ისე იზრდება, ჩვენზე დიდიც კი ხდება და, საბოლოოდ, არსებობს აპეიროფობია და მასზე მიბმული ჩვენი სხეული, მაგრამ ეს მხოლოდ ფორმალურობისთვის. შიში ისეთი დიდია, ის განაგებს ყველაფერს, ჩვენ კი მხოლოდ ემოციურად ვეხმარებით, ხან ტირილით, ხან სევდით, ხანაც უბრალოდ მოწყენილობით ან ჯავრის რამეზე/ვინმეზე ყრით.

პატარობაში, არ გყოლიათ მეგობარი, რომელსაც დროის გასვლასთან ერთად ისე ჩამოშორდით, ვერც გაიაზრეთ? მაშინ უბრალოდ ვერ აფასებდით რაღაცეებს ისე, როგორც ახლა და ვერც იმაზე ფიქრობდით, მის გარეშე ცხოვრებას როგორ გააგრძელებდით. მაშასადამე, მაშინ ვერ იაზრებდით, რა იყო აპეიროფობია.

ბევრს ვფიქრობ და მგონია, არ აქვს აზრი ასაკს. ხალხზე ან რაიმეზე მიჯაჭვულობა არ არის ისეთი რამ, ცხოვრების გავლასთან ერთად რომ ისწავლებოდეს. ალბათ, გააჩნია იმის სიკარგეს, რაზე დამოკიდებულებიც ვხდებით. სულ რომ ნახევარ საუკუნეზე მეტი იცხოვრო, შეიძლება, ისეთი რამ გამოჩნდეს, რასაც უბრალოდ ვერ გაექცევი, თუნდაც, მერე გული გეტკინოს. ურთიერთობა უბრალოდ ვერ აეწყოო-ასეთებზე მსგავსი სიტყვები გამიგონია და მართალიცაა, უბრალოდ პირდაპირი და გულისდამწყვეტი. მეტად მამაცები, ძლიერები და ყველაფერთან ერთად, არაადამიანურებიც რომ ვიყოთ, მხოლოდ მაშინ არ გვეტკინებოდა გული. ეს ყველაფერი იმდენად ცივად ჟღერს, მართლა სჯობს, გეწყინოს, ვიდრე რამეს ვერ გრძნობდე. 

რაც არ უნდა უცნაური იყოს, მართლა მომწონს ეს ფობია. კი, ყველაფერი მაინც სრულდება და ამის შიშიც უცნაური და უაზროა...

სამაგიროდ აფასებ რაღაცას და ამიტომ გეშინია მისი დაკარგვის. 

სამაგიეროდ, ეს ყველაფერი შეnთვის რაღაცას ნიშნავს და ამიტომ ღელავ ასე.

სამაგიეროდ, რაღაც ძვირფასი გაგჩნია და აპეიროფობიაც ამიტომ არსებობს.

მართლა ურევია ბედნიერების რაღას მარცვალი სასრულობის შიშში.

ქეროფობია-ბედნიერების შიში

სალამი!  მოკლედ, შარშანდელი კარანტინიდან მოყოლებული, რაღაც ფობიების აღმოჩენა დავიწყე და თან სულ ისე მემთხვევა, მაშინ აღმოვაჩენ, მეც მსგავსი ...