სალამი!
იცოდით? ფსიქოლოგები თვლიან, რომ ფობიათა უმეტესობა, ხშირ შემთხვევაში, მხოლოდ 10-17 წლის ასაკის ხალხს ემართება. იმ იშვიათ შემთხვევებში კი სადაც ფობიით ,,დატანჯვა" უფრო დიდ ასაკშიც გრძელდება, საქმე უფრო რთულად გვაქვს! ასეთი ხალხი, სიცოცხლეს ჩვეულებრივ სუიციდით ასრულებს.
ვეჭვობ, საერთოდ არ დამჭირდებოდა ამაზე საუბარი, რომ არა დღევანდელი რეალობის კიდევ ერთი შემთხვევა. სხვადასხვა ფაქტორიდან გამომდინარე, უცებ გადავწყვიტე, საინტერესო თემით დავბრუნებულიყავი და მართლაც! დღეს აუტოფობიაზე, მთელი ცხოვრების თანამდევ შიშზე, ვისაუბრებთ.
ამ შიშის არსი ყველას სხვადასხვანაირად ესმის, მაგრამ, ერთი მაგალითი ყველაზე მეტად მომეწონა.
შეგიძლიათ, რამდენიმე წამით დაფიქრდეთ, რას გააკეთებდით, უცებ სულ მარტონი რომ დარჩეთ? არც მეგობრები, არც ნათესავები და არც ოჯახი. ცოტა ხნით, შეიძლება, მარტოობა მოგეწონოთ კიდეც, თუმცა თქვენი გემოვნება მარტივად შეიცვლება თუ ასეთი მდგომარეობა რამდენიმე კვირას, თვეებს და ბოლოს წლებსაც გასტანს.
აი, მაშინ, როცა დიდი ხნის შემდეგ თქვენც ცხოვრებაში თუნდაც ერთი კარგი ადამიანი გამოჩნდება, მთელი ძალით ჩაებღაუჭებით მას ისე, როგორც თქვენს ბოლო იმედს და ყველაფერს გააკეთებთ, ის დიდ ხანს რომ შეინარჩუნოთ. უფრო მარტივად ან ზოგისთვის, უფრო რთულად რომ გითხრათ, მაშინ დაგეწყებათ აუტოფობია, უფრო მარტივ მარტივ ენაზე კი-მარტოობის შიში.
დღევანდელობაში, ხალხს მთელი კაცობრიობისგან ,,მოწყვეტა" სულ არ სჭირდება ასეთ სიტუაციაში აღმოსაჩენად. როცა ვიყენებთ სიტყვა ,,ხალხს", თითქოს, გარკვეული საკითხი ჩვენგან შორსაა, თუმცა ეს რეალობას საერთოდ არ შეესაბამება და ამაში მარტივად დავრწმუნდებით.
აუტოფობიის თუნდაც მცირე მარცვალი თითოეულ ჩვენგანშია და მხოლოდ მაშინ იწყებს გაღვივებას, როცა ცხოვრებაში ვიღაც ჩვენთვის ძვირფასს ,,წავაწყდებით''. შეიძლება ვიპოვოთ მეგობარი, მეორე ნახევარი ან უბრალოდ ვიღაც, კარგი ადამიანი და მერე, როცა მთელი არსებით მივეჯაჭვებით, იმდენად გვაშინებს მისი დაკარგვა, ვერც კი ვაანალიზებთ, როგორ ვიცვლებით მისთვის. შეიძლება ის პიროვნება შეცვლას სულაც არ გვთხოვდეს, მაგრამ ჩვენ წინასწარ გვაქვს დაკარგვის შიში და როგორც ამბობენ ,,თავს ვიზღვევთ''.
იმდენად ბევრს წარმოადგენს ეს ადამიანი ჩვენთვის, რომ ფიქრისგან ტვინს ვიჭყლეტთ და საბოლოოდ, როგორც იქნა, ვხვდებით და ჩვენს თავს დაახლოებით ასეთ რამეს ვეუბნებით-იმაზე მეტს ნიშნავს ჩემთვის, ვიდრე ამას წარმოვიდგენდი. მისი დაკარგვა კი არ შემიძლია.
ვხვდებით, რომ მის გარეშე ყოფნა, ჩვენთვის მარტოობის ტოლფასია და ესეც ასე! გვეწყება აქამდე საკუთარ თავში ღრმად ჩაფლული აუტოფობიის აღმოცენება.
საუბედურო იცით, რა არის? შეიძლება, დადგეს ის დღე, ყოველთვის შეუძლებელი რომ გვეგონა და დავკარგოთ როგორც იქნა ნაპოვნი ,,ძვირფასეულობა". მერე რა ხდება ან რა მოხდება? სულ რომ თავი დავანებოთ დეპრესიას, რომელიც შეიძლება ბევრს არც ჰქონდეს, სარკის წინ დავდგებით, ჩავიხედებით და დავინახავთ სხეულს, რომელიც ვიზუალურად ჩვენი იდენტურია, თუმცა სულაც არ არის ის, ვინც უნდა იყოს ანუ ვინც იყო. გვრჩება სხვისთვის გამოძერწილი საკუთარი თავი, არა ისეთი, როგორიც ჩვენ მოგვწონს, არამედ ისეთი, როგორიც ,,მას", ვიღაც უბრალო ადამიანს, მოსწონს და რომელსაც ვაღმერთებდით ისე, რომ სულ არ გვიფიქრია, როგორს გვხდიდა ეს ყველაფერი.
ცუდია, მთელი ცხოვრება ერთ ადამიანს კი არა, სხვადასხვა ეტაპზე, ასეთ რამდენიმე ადამიანს რომ ვაწყდებით.
აუტოფობიის მქონე ადამიანი, რეალურად ჩვენ ყველანი, ყველაზე საცოდავ არსებას ჰგავს. დამოკიდებულია სხვაზე და ვერც აანალიზებს, რაში კარგავს ცხოვრების ძვირფას წუთებს-იყოს იმის შიშში, მარტო რომ არ დარჩეს.
,,მარტოობა მტერი არ არის! ის გზრდის, გაყალიბებს და გასწავლის თუ როგორ უნდა იცხოვრო".
🥀🥺❤️
ReplyDelete��❣❣❣❣
ReplyDelete